English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ჩვენი იუბილარი

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორი,
დოქტორი სერგო მელაძე იუბილარია

სერგო მელაძე დაიბადა 1948 წლის 31 მარტს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში. სწავლობდა ვარლამ ძიძიგურის სახელობის საშუალო სკოლაში, რომელიც ვერცხლის მედალზე დაასრულა.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და 1976 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
1980 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1970-1981 წლებში მუშაობდა მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფაკულტეტის უფროს ლაბორანტად, ხოლო 1981-1987 წლებში უფროს მასწავლებლად. 1987 წელს ფაკულტეტი ცეკავშირის ინიციატივით გადაეცა ლვოვის სავაჭრო-ეკონომიკურ ინსტიტუტს, სადაც მუშაობა განაგრძო დოცენტის თანამდებობაზე.
1993 წელს აღნიშნული სასწავლებელის მიზანმიმართულად გაუქმების, შემდეგ სერგო მელაძე დაინიშნა ცეკავშირის ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური კურსების დირექტორად.
1995 წელს მისი ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგა ,,ცეკავშირის კოოპერაციული ინსტიტუტი“ , რომელსაც 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი და ეწოდა ,,საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტი“. 2009 წელს განხორციელდა მისი რეორგანიზაცია და ეწოდა ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი“, სადაც 1995-2010 წლებში დოქტ. სერგო მელაძემ მუშაობა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის რექტორად.
2010 წელს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი სერგო მელაძის ინიციატივით და ძალისხმევით შეუერთდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
2011 წლიდან დღემდე იგი მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორად. ტურიზმის სკოლა ახორციელებს ტურიზმის საბაკალავრო-საგანამანათლებლო პროგრამის ადმინისტრირებას, რომელზეც ამჟამად ირიცხება 1500-მდე სტუდენტი.
მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 48 სამეცნიერო ნაშრომი, 3 საავტორო უფლებით.
1997 წელს სერგო მელაძე გახდა ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
2000 წელს დოქტორი სერგო მელაძე პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2023 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით. სერგო მელაძეს ჰყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია ულოცავს ბატონ სერგო მელაძეს სახელოვან იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებით წარმატებებს.


ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია